English / ქართული / русский /
დავით ბიძინაშვილი
მიმდინარე პანდემიის პირობებში ინფლაციის გაზრდისა და ფინანსური რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხეები საქართველოში

ანოტაცია. ბოლო დროს, COVID-19-ის პანდემია მთელ მსოფლიოში ჩვენი ახალი რეალობის ნაწილი გახდა. ყოველდღიურად ახალი საპასუხო ზომებისა და ქმედებების მოწმე ვიყავით როგორც მთავრობის, ისე სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდან, რამაც, თავის მხრივ, ახალი რეალობა და გამოწვევები წარმოშვა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს ასეთი ძლიერი გამოწვევა არ ჰქონია. თუკი ჩვენ ოდესმე დაგვიდგებოდა საგარეო ვალის მყისიერად გაზრდის აუცილებლობა, სწორედ ახლა არის ეს აუცილებლობა იმიტომ, რომ ვხედავთ, ამ კრიზისში მთელი მსოფლიოა ჩათრეული და არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. ჩვენ არ ვიცით, რამდენად სწრაფად გაჩნდება ვაქცინა და როგორ შეძლებს კაცობრიობა ამ გამოწვევის გადალახვას. ჩვენ მოგვიწევს კოვიდთან ერთად ცხოვრება, რაც დამატებით ძალისხმევას საჭიროებს. ადამიანებს გაუჭირდებათ, ბიზნესებს გაუჭირდება და საზოგადოება ამისთვის მზად უნდა იყოს. ამისთვის საკუთარი რესურსით ვერც ერთი ქვეყანა ვერ გავა ფონს. მით უფრო ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე თავისი პარტნიორების იმედადაა.

საკვანძო სიტყვები: პანდემია; ინფლაცია; კრიზისი; რესტრუქტურიზაცია; რეზერვების ხარჯვა. 

შესავალი: ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid-19) პანდემია მსოფლიოსთვის მოულოდნელ გამოწვევად იქცა, რომლის მასშტაბიც უახლესი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოა. საქართველო, როგორც ღია მსოფლიოს ნაწილი, მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის, ეკონომიკური გამოწვევების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მოვლენების განვითარების პერსპექტივის, მოსალოდნელი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მოცულობის სრულად განჭვრეტა, არსებული მონაცემებით, თითქმის შეუძლებელია.

 კრიზისულ სიტუაციებში სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, ხარჯების ზრდის პარალელურად, გადასახადებსა და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებენ, რათა კრიზისით გამოწვეული მოთხოვნის კლების დაბალანსება და ეკონომიკური სტიმულირება ისე მოხდეს, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი კრიზისის/რეცესიის განმავლობაში წონასწორულ მდგომარეობასთან ახლოს დარჩეს.

***

(მსჯელობა): მსოფლიოში მიმდინარე პანდემიამ საქართველოში სავალუტო ბაზარზე ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით იქონია გავლენა და დოლარის შემოდინების თითქმის ყველა წყაროს შეეხო. პირველ რიგში, პანდემიის შედეგად ტურისტული აქტივობა მსოფლიოს მასშტაბით შეწყდა. შედეგად, საქართველომ ის ფულადი ნაკადები სრულად დაკარგა, რასაც ტურიზმიდან იღებდა ან შეიძლება მიეღო. შესაბამისად, ბაზარმა უცხოური ვალუტის ის წილი დაკარგა, რასაც მომსახურების ექსპორტიდან (ტურიზმი) ელოდებოდა.

მსოფლიო ეკონომიკამ პანდემიის შედეგად მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო და შემოსავლები გლობალურად შემცირდა. შესაბამისად, იკლო იმ შემოსავლებმა, რასაც საქართველოს მოქალაქეები უცხოეთში გამოიმუშავებდნენ (მაგალითად, იტალიაში ფაქტობრივად ყველა აქტივობა შეზღუდული იყო, რაც საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მნიშვნელოვანი წყაროა). ფულადი გზავნილების შემცირება მეორე მნიშვნელოვანი მიზეზია, რამაც ქვეყანაში დოლარის მიწოდების შემცირება გამოიწვია.

ისეთ არასტაბილურ ვითარებაში, როგორშიც დღეს მსოფლიო ეკონომიკაა, ინვესტორები მოლოდინის რეჟიმში გადასვლით გამოირჩევიან. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინვესტორებმა განვითარებადი ბაზრებიდან (საქართველოც განვითარებად ბაზარს მიეკუთვნება) 83 მლრდ დოლარის მოცულობით სახსრები უკვე გაიტანეს, რაც კაპიტალის გადინების დღემდე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შესაბამისად, სახარბიელო მდგომარეობა არც ინვესტიციების კუთხით იქნება მოსალოდნელი. მით უმეტეს, საქართველო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, კრიზისამდეც განიცდიდა სირთულეებს; კერძოდ, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, პრაქტიკულად არ გაზრდილა (0.2%) და 2018-2019 წლების ნიშნული მხოლოდ 2013 წლის მონაცემს აღემატებოდა.

უცხოური ვალუტის კიდევ ერთ წყაროზე, ექსპორტზე, სავაჭრო პარტნიორების მხრიდან შემცირებული საგარეო მოთხოვნა უარყოფითად მოქმედებს. შესაბამისად, კრიზისისათვის დამახასიათებელი სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, ექსპორტის მოცულობაც შემცირდება როგორც ნატურალური მოცულობის კლების, ასევე საქონლის ფასის შემცირების შედეგად. მეორე მხრივ, იმპორტზე საქართველოს მოთხოვნაც მცირდება, რაც, თავის მხრივ, უცხოური ვალუტის გადინებასაც უშლის ხელს და ლარის კურსის ერთგვარი დამაბალანსებელია (თუმცა, როგორც ჩანს, არასაკმარისი).

გარდა აღნიშნული ფუნდამენტური ფაქტორებისა, რომელთა ერთობლივი მოქმედება ლარის კურსის შემცირებას ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევდა, სავარაუდოა, რომ ბაზარზე არსებულმა ერთგვარმა პანიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც მოლოდინების როლი ცალსახად დადასტურდება, ხელმისაწვდომი არ არის. თუმცა ემპირიული დაკვირვებიდან თუ ოპერატიული ინფორმაციის მქონე პირების დაკვირვებიდან, მსგავსი ფაქტორის მოქმედება დასტურდება.

ლარის გაუფასურების რამოდენიმე ფაქტორი შეიძლება დავასახელოთ:

ტურიზმი – მას შემდეგ, რაც ქვეყნების დიდი ნაწილი ერთმანეთის მიყოლებით ჩაიკეტა და ტურისტული მიმოსვლები შეწყდა (თებერვლის ბოლო), ლარმა მყისიერად დაიწყო გაუფასურება.

საერთაშორისო გზავნილები – უდიდესი წილი რუსეთიდან და იტალიიდან შემოდის. იტალიაში ეპიდაფეთქების გამო შეწყდა ეკონომიკური აქტივობა, შესაბამისად, საქართველოსკენ ფულადმა ნაკადმაც საგრძნობლად იკლო. ნავთობის ფასის დრამატულმა ვარდნამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია რუსეთის ეკონომიკაზე, შესაბამისად, გზავნილებზე, ლარი მის ტრენდს მარტის დასაწყისიდანვე აჰყვა და გაუფასურდა.

ტურიზმის პირდაპირი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 8% იყო. ეს არის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 4-დან 4,2 მლრდ ლარამდე, ხოლო ტურისტების მიერ დახარჯული თანხის სიდიდით ეს დაახლოებით 10 მლრდ ლარზე მეტია. წარმოიდგინეთ, ეს თანხა რომ ერთბაშად დააკლდება ეკონომიკას.
არ მინდა ვინმე სკეპტიკურად განვაწყო, მაგრამ გრძელვადიანი ორიენტაცია ტურიზმზე ყოველთვის არ ამართლებს. შეიძლება რენტაბელობა მაღალია, მოგებაც სწრაფად ხდება, შემოსავლიანია, მაგრამ გარე ფორსმაჟორული სიტუაციებისთვის და ნეგატიური მოვლენებისადმი საკმაოდ მოწყვლადი სფეროა. პატარა პრობლემა და ეს დარგი ჩერდება. ამიტომ ორიენტაცია უნდა ავიღოთ რეალური სექტორის განვითარებაზე. განსაკუთრებით იმ დარგებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში გამოიყენებენ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციებს.

ექსპორტი – თებერვლის ბოლოდან მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობების შემცირების შესაბამისად, შემცირდა მოთხოვნა ქართულ ექსპორტზეც.

იმპორტი – მასობრივი გაურკვევლობისა და იზოლაციის ფონზე შემცირებული ერთობლივი მოთხოვნა იმპორტის კლებას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის ნაკადების გადინებას ამცირებს.

თუ გვინდა, რომ სახელმწიფო მყარად იდგეს ფეხზე და ნაკლებად დაზარალდეს ისეთი არაორდინალური შემოტევებისგან, როგორიც ეს კორონავირუსია, მას უნდა ჰქონდეს საკუთარი სოფლის მეურნეობის წარმოების თვითუზრუნველყოფის მაღალი დონე სასოფლო_სამეურნეო პროდუქციის მიხედვით. მაგალითად, რომ ავიღოთ მარცვლეული, ჩვენი ადგილობრივი წარმოების თანაფარდობა, ჩვენს მოხმარებაში ის შეადგენს მოსავლიანობის 10-15 პროცენტს, ყოველწლიურად ჩვენ შემოგვაქვს თითქმის 400 მილიონი დოლარით მეტი აგროსასურსათო პროდუქცია, ვიდრე გაგვაქვს. ჩვენ ვაკრიტიკებთ ხოლმე ეროვნულ ბანკს, თუ რატომ ყიდის სავალუტო რეზერვებს და ამ დროს იმის არასრულყოფილი და ნაკლებად ეფექტიანი სოფლის მეურნეობა გვაქვს. ხაზს ვუსვამ, ყოველწლიურად არანაკლებ 400 მილიონი დოლარის აგროსასურსათო პროდუქცია შემოგვაქვს, ვიდრე გაგვაქვს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ვალუტა დარჩეს ქვეყანაში.

მართალია, არაერთი სიმპტომია იმისა, რომ ეკონომიკური ვარდნა - მსოფლიოშიც და საქართველოშიც მალე შეწყდება, მაგრამ კრიზისს ექნება გრძელვადიანი შედეგები. კრიზისამდელი დონის მიღწევას საკმაო დრო დასჭირდება.

ნებისმიერი სახის ეკონომიკური სტიმულირება ამ პირობებში მაქსიმალური სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რადგან არსებობს ერთი მხრივ ინფლაციის, მეორე მხრივ კი რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხე

ახალი ტიპის კორონავირუსის (Covid-19) პანდემია მსოფლიოსთვის მოულოდნელ გამოწვევად იქცა, რომლის მასშტაბიც უახლესი ისტორიის განმავლობაში უპრეცედენტოა. საქართველო, როგორც ღია მსოფლიოს ნაწილი, მთელი რიგი მიზეზების, მათ შორის, ეკონომიკური გამოწვევების გამო, რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მოვლენების განვითარების პერსპექტივის, მოსალოდნელი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანის მოცულობის სრულად განჭვრეტა, არსებული მონაცემებით, თითქმის შეუძლებელია.

ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი კლების ფონზე ეკონომიკური სუბიექტები  შემოსავლების კლებით ზარალდებიან, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვის, ვალდებულებების, მომსახურების შეუძლებლობის და გაკოტრების რისკებს მკვეთრად ზრდის. პირდაპირი თუ ირიბი გზებით, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი ზარალდება, განსაკუთრებით მომსახურების, ტრანსპორტის და ვაჭრობის სფეროები, ტურისტული ინდუსტრია. ჩამოთვლილი დარგები საქართველოში მზარდი დინამიკით წლებია გამოირჩევა და ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. გარდა იმისა, რომ ტურიზმის კრიზისი პანდემიის ფონზე ბუნებრივი მოცემულობაა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა აიკრძალა. საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, საჰაერო, საზღვაო და სამგზავრო მატარებლით მიმოსვლა შეიზღუდა. შეუფერხებლად მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები ხორციელდება. გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების და ღამის კლუბების საქმიანობა შეჩერდა, მთელი რიგი სერვისების მიწოდებაზე შეზღუდვა დაწესდა.       

პანდემიურ კრიზისს გრძელვადიან პერიოდში არსებითი ზიანის მოტანა შეუძლია როგორც მიკრო, ასევე მაკროეკონომიკურ დონეზე. ზოგადად, განსხვავებული მოსაზრებები არსებობს იმის შესახებ, ამა თუ იმ მთავრობის საპასუხო ქმედებები და ჩარევის მასშტაბები როგორი ხასიათის და რა მოცულობის უნდა იყოს. აღნიშნული მოსაზრებები, თითქმის ყოველთვის სხვადასხვა იდეოლოგიურ შეხედულებებზეა დამოკიდებული.

ძირითადად, კრიზისულ სიტუაციებში, სხვადასხვა ქვეყნების მთავრობები, ხარჯების ზრდის პარალელურად, გადასახადებსა და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებენ, რათა კრიზისით გამოწვეული მოთხოვნის კლების დაბალანსება და ეკონომიკური სტიმულირება ისე მოხდეს, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი კრიზისის/რეცესიის განმავლობაში წონასწორულ მდგომარეობასთან ახლოს დარჩეს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე და მოსალოდნელი მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის საფუძველი „არაეკონომიკურია“. შესაბამისად, რეაგირების სტანდარტული მექანიზმის ეფექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს. კონკრეტულად, ეკონომიკისათვის დამატებითი სახსრების მიწოდება კრიზისის პირობებში შემცირებული მოთხოვნის დასაბალანსებლად მუშაობს. თუმცა, ეკონომიკის შენელებას არა უშუალოდ ფინანსური მიზეზით გამოწვეული მოთხოვნის კლება, არამედ ძირითადად, უსაფრთხოების რეკომენდაციებით შემცირებული აქტივობა განაპირობებს. მოცემული რეკომენდაციის შესრულებით გამოწვეულ ჩავარდნას კი ფინანსური რესურსის მიწოდება ვერ აღმოფხვრის და ის არა ეკონომიკური, არამედ უფრო სოციალური მიზნის მატარებლად შეიძლება მივიჩნიოთ. დამატებითი ფინანსური რესურსის გაჩენა მოთხოვნის წახალისების მიზნით, სავარაუდოა, რომ უფრო ეფექტიანი პოსტ-კრიზისულ პერიოდში იქნება, მაშინ, როდესაც უსაფრთხოების მიზნით დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება და ეკონომიკურ აგენტებს სრულფასოვანი ოპერირების შესაძლებლობა მიეცემათ. აქედან გამომდინარე, როგორც რეაგირების შინაარსობრივი მხარე, ასევე მისი მოქმედებაში მოყვანის პერიოდი, სწორად უნდა შეირჩეს, რათა, ერთი მხრივ, ეკონომიკის სტიმულირების მიზანი იქნეს მიღწეული, მეორე მხრივ კი, ჭარბი ლიკვიდობის მიწოდებით, ინფლაციური პროცესები არ წახალისდეს.

კრიზისის ფონზე, ლარის კურსი დოლართან მიმართებით, დაახლოებით 24%-ით შემცირდა. 18 მარტს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დარჩა. შესაძლოა, დავასკვნათ, რომ ინფლაციური პროცესების სიმწვავე საპროცენტო განაკვეთის შემცირების (რაც სხვა შემთხვევაში კონტრ-კრიზისულ ერთ-ერთი საპასუხო ზომას წარმოადგენს) საშუალებას არ იძლევა.

ხელისუფლების პოზიცია კრიზისზე რეაგირებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გაახმოვანა, სადაც მან ეკონომიკურ გუნდთან ერთად, ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა. გეგმა სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა შედეგად ქვეყნის ეკონომიკაში დამატებით ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი უნდა გაჩნდეს. კერძოდ:

  • ბიზნესს, რომელსაც სესხის გადახდის პრობლემა შეექმნება, ბანკები ინდივიდუალურად გაუკეთებენ სესხის რესტრუქტურიზაციას;
  • გარდა ამისა, მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, გადაავადონ სესხის გადახდა, მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბანკი მათ შენატანის გადავადების საშუალებას მისცემს;
  • კომპანიებს, რომლებიც ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს ახორციელებენ, გადაუვადდებათ მომდევნო 4 თვის განმავლობაში გადასახდელი ქონების და საშემოსავლო გადასახადები (1 ნოემბრამდე);
  • კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მიწოდების მიზნით, მთავრობა გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და, წლის ბოლომდე დაგეგმილი 600 მლნ ლარის ნაცვლად, ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებს დააბრუნებს 1,200 მლნ ლარს (600 მლნ ლარით მეტს);
  • გაკეთდება სპეციალური სახელმწიფო პროგრამა, რომლის საშუალებითაც 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღებენ საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას;
  • სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებით სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა. 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური ხარჯები დამატებით გაიზრდება 300 მლნ ლარით.

დღევანდელი კრიზისი რეალური ეკონომიკის შემცირების ფონზე მიმდინარეობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარკვეული ფასის სანაცვლოდ, ხელმისაწვდომია, უფრო ნაკლები საქონელი და მომსახურება, ვიდრე არსებული კრიზისის დაწყებამდე იქნებოდა. ბუნებრივია, ნებისმიერი სახის ეკონომიკური სტიმულირება, ამ პირობებში, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა განხორციელდეს, რადგან არსებობს ერთი მხრივ ინფლაციის, მეორე მხრივ კი რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის საფრთხე. მთავრობის პოზიციით, არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ბიზნესის უშუალოდ ფიზიკური გადარჩენის უზრუნველყოფა. ბუნებრივია, გადასახადების გადავადება მომავალში პრობლემას წარმოქმნის ეკონომიკური სუბიექტებისთვის, რომლებსაც ოპერირება უშუალოდ პოსტკრიზისულ მოცემულობაში მოუწევთ. აქაც, მომავალი მოვლენების განვითარების პერსპექტივები ბუნდოვანია. ასევე, მთავრობის ხარჯების ზრდის უზრუნველყოფა საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდითა თუ ვალის ზრდით, დიდი ალბათობით, გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებს წარმოშობს.

საქართველოს პრემიერ - მინისტრის ინფორმაციით, 2020 წლისთვის ეკონომიკა 4 პროცენტით შემცირდება, ბიუჯეტის დანაკლისი საშემოსავლო ნაწილიში კი 1.8. მილიარდი ლარი იქნება.არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, საქართველოს მთავრობას, მომავალში ბიუჯეტის გადახედვა და რიგი ხარჯების სეკვესტრირება მოუწევს. პარალელურად, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაღრმავება და სამთავრობო ვალის ზრდა ფასების დონეზე დამატებით წნეხს გააჩენს.

კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო დაირღვა ათეული წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კავშირები, სახელმწიფოთაშორისი ეკონომიკური ურთიერთობები, მდგრადობის სერიოზულ გამოცდას გადიან ვალდებულებები, საკონტრაქტო ქსელები, მიწოდების ჯაჭვები, რომლებსაც ყველა და ყველგან ვერ უძლებენ.

მრავალმა ქვეყანამ და მსხვილმა კორპორაციამ გადაწყვიტა თავისი აქტივების ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში გადატანა. ხარისხის კონტროლისა და მიწოდების ქსელის აუდიტორის QIMA-ს ჩატარებული გამოკითხვით, ჩინეთის დატოვებას აპირებს ამერიკული კომპანიების 80% და ევროპული კომპანიების 67%.

იაპონიის მთავრობამ უკვე გამოყო 240 მლრდ იენი ($2.2 მლრდ) იაპონური კომპანიების ბიზნესის ჩინეთიდან სამშობლოში (ძირითადად) ან სხვა ქვეყნებში გადასატანად. 2600 იაპონური კომპანიიდან 7 პროცენტი უკვე აქტიურად ახორციელებს გადატანისათვის ხელსაყრელი ქვეყნების მოძიებას ან უკვე გადააქვთ იქ საკუთარი ბიზნესი.

რატომ არ უნდა სცადოს საქართველომ ამ სიტუაციაში და არ გადადგას ნაბიჯები წარმატებული კომპანიების საქართველოში შემოყვანაზე?! - ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, შედარებით იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალა, გასაღების ბაზრებთან სიახლოვე, ბიზნესის კეთების სიიოლით მე-7 ადგილი მსოფლიოში - საუკეთესო მაჩვენებელი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, დაბალი საგადასახადო ტვირთი, მშპ-სთან მიმართების მხრივ - 1.9-ჯერ უფრო დაბალი ევროზონასთან შედარებით.

მოკლედ, უპირატესობების მთელი თაიგულია, მათი არდანახვა და არგამოყენება დანაშაული იქნებოდა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისა და მომავალი თაობების წინაშე. 

დასკვნა

- გაათმაგებული ყურადღებაა საჭირო ადგილობრივი წარმოების, განსაკუთრებით იმპორტჩანაცვლებადი სფეროების განვითარებაზე. ამ მხრივ, იმედი მაქვს, რომ მთავრობა ამ გამოწვევას გაძლიერებული ძალისხმევით და გაზრდილი მიზნობრივი დაფინანსებით უპასუხებს. სახელმწიფომ ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა აამოქმედოს იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში, საკუთარი ბაზარი რომ დავაკმაყოფილოთ და როგორც კი გლობალური ბაზრები მოგვცემს ამის საშუალებას, ექსპორტი მაქსიმალურად გავაფართოოთ და მხარი დავუჭიროთ;

- ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უპირველესია და საგანგებო მდგომარეობა, კარანტინის რეჟიმში აუცილებლობას წარმოადგენს. თუმცა, მთავრობამაც და ეკონომისტებმაც უნდა დავძაბოთ ფანტაზია და მივაღწიოთ, რომ ეკონომიკის რაც შეიძლება მეტი სეგმენტი დარჩეს ფუნქციონირების რეჟიმში, რადგან სხვა შემთხვევაში, კოლაფსიდან ეკონომიკის ,,ამოძვრენა'' წარმოუდგენელი იქნება. ამ საგანგაშო და ურთულეს ვითარებაში სრულად უნდა იქნეს ამოქმედებული ყველა საჭირო შიდა რესურსი მთავრობის მიერ ადამიანთა გადასარჩენად. სრული პასუხისმგებლობა კრიზისის დაძლევაზე, მოქალაქეთა გადარჩენაზე და ეკონომიკის პოტენციალის შენარჩუნებასა და მომავალ განვითარებაზე ეკისრება მთავრობას. შესაბამისად, სწორედ მთავრობისა და სახელმწიფოს ვალდებულებაა ყველა საჭირო რესურსის (ფინანსური და არაფინანსური) მობილიზება ამ ამოცანების გადასაჭრელად;

- სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის რეაგირება პროცესებზე იყო დაგვიანებული, რო­მე­ლიც თა­ვი­დან­ვე მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ზე იყო გა­და­სუ­ლი. მან მხო­ლოდ ბო­ლო დღე­ებ­ში გა­მო­იჩ­ინა აქ­ტი­ურ­ობა, საჭირო იყო სავალუტო რეზერვების დროული გამოყენება (ხარჯვა) და ბევ­რად ნაკ­ლე­ბი ზი­ანი მი­ად­გე­ბო­და ჩვენს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს და მთლი­ან­ად სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ას;

- უნ­და ვი­ცო­დეთ, დღეს ლა­რის გა­უფ­ას­ურ­ება არ­ის გარ­და­უვ­ალი პრო­ცე­სი. ლა­რი აუც­ილ­ებ­ლად უნ­და გა­უფ­ას­ურ­დეს, სხვა­ნა­ირ­ად არ შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ ცუ­დია, რო­დე­საც ად­გი­ლი აქ­ვს დიდ ნახ­ტო­მებს. ეს დი­დი ნახ­ტო­მე­ბი ან­გრევს ჩვენს სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარს და ქმნის და­მა­ტე­ბით სირ­თუ­ლე­ებს. ეს არ­ის დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ონ­ომ­იკ­ის ყვე­ლა­ზე სუს­ტი რგო­ლი. ამ­ას არ სჭირ­დე­ბა არ­ანა­ირი პროგ­რა­მა, სა­ჭი­როა სა­ვა­ლუ­ტო ბა­ზარ­ზე ცეცხლის ჩაქ­რო­ბა და არა უაზ­როდ რე­ზერ­ვე­ბის ხარ­ჯვა, არ­ამ­ედ გო­ნივ­რუ­ლი ხარ­ჯვა;

- დღეს სა­ჭი­როა მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ხარ­ჯე­ბი, მი­ნი­მა­ლუ­რი ზა­რა­ლი ეკ­ონ­ომ­იკ­ის­თვის, ეპ­იდ­ემი­ის დას­რუ­ლე­ბა, ხო­ლო შემ­დეგ უკ­ვე, ამ ზა­რა­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უწ­ინ­არ­ეს ყოვ­ლი­სა, იმ სექ­ტო­რე­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა, რო­მე­ლიც გა­ნა­ვი­თა­რე­ბენ ქვეყ­ნის ეკ­ონ­ომ­იკ­ას;

- ახალ კორონავირუსთან ბრძოლა აუცილებელია, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ სახლში დარჩენით უფრო მძიმე შედეგამდე მივლენ, რადგან ეკონომიკის განადგურებით გამოწვეული პრობლემები გაცილებით უფრო სასტიკი იქნება, ვიდრე კორონავირუსია. ვირუსთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, თუმცა ეფექტური და არა ეკონომიკის გამანადგურებელი მეთოდებით;

- მთავარია, რომ იმ პერიოდში, როდესაც კორონავირუსის გამო მინიმუმამდეა დასული ეკონომიკური აქტივობა, მთავრობამ უზრუნველყოს ის მინიმალური ფინანსური ინექცია სოციალურ სფეროში, რომელიც მოსახლეობას შედარებით უმტკივნეულოდ გადაატანინებს ამ მძიმე პერიოდს;

- საკრედიტო რესურსის შოვნა არ იქნება რთული, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს რა მოცულობის თანხები უნდა ვისესხოთ და რა მიზნობრიობით. საამისოდ კი საჭიროა მეტ-ნაკლებად გამოიკვეთოს კორონავირუსის ეკონომიკაზე უარყოფითი ზეგავლენის მასშტაბი;

- კორონავირუსი დიდი საფრთხეა, მან უკვე მოგვიტანა დიდი ზიანი და გაცილებით მეტის გაფუჭება შეუძლია. მაგრამ მთავარი საფრთხე, ვფიქრობ, თავად კორონავირუსი არ არის. თუ ხატოვნად ვიტყვით, ათასგზის მეტი ხიფათის და საფრთხის შემცველია ეკონომიკის კოლაფსი, რომელიც უეჭველად დადგება მთელ მსოფლიოში და მათ შორის, რაღა თქმა უნდა საქართველოში. ამის ნიშნები უკვე სახეზეა ფაქტობრივად ჩამოშლილი საფონდო ბირჟების სახით. კოლაფსის მასშტაბები დამოკიდებულია, რამდენ ხანს ვიქნებით ვირუსის მძვინვარების პირობებში;

- 2008 წელს დაწყებული მსოფლიო საფინანსო კრიზისის და რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სისტემის ჩამოშლის თავიდან აცილება იმ 5 მილიარდის მეშვეობით შევძელით, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირისგან მივიღეთ და რომლის სავარაუდოდ ნახევარზე მეტი მაინც მოხმარდა დასახულ ამოცანას... დღეს აშშ-ც და ევროპაც თავადაა "შავ დღეში". საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან - სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან მოლაპარაკებები, რამდენადაც ვიცი, უკვე დაწყებულია და მათი დახმარება ჩვენი ეკონომიკის რეანიმირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება. ახლა თითოეული ჩვენგანის თანადგომა სჭირდება მთავრობას, რათა ჩვენი ეკონომიკა ისე არ ჩამოიშალოს, რომ მისი აღდგენა უახლოეს პერიოდში შეუძლებელი გახდეს;

- ამავე დროს, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება და მუშაობა კორონავირუსის არსებობის პირობებში, რადგან იგი უახლოეს მომავალში, ერთ მშვენიერ დღეს არ გაქრება.

ეს არის გლობალური გამოწვევა და როგორც კი ეს მოხდება, სხვა ქვეყნები და მათ შორის საქართველოც დაიწყებს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და მთავარი კონკურენციის პროცესი სწორედ კრიზისიდან გამოსვლის პროცესში იქნება ქვეყნებს შორის და აქ მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეინარჩუნოს როგორც რეგიონული ასევე გლობალური კონკურენტუნარიანობა და სწორედ ამიტომ დაანონსდა, რომ საჭიროა  ახლებური ხედვა, ახლებური მიდგომა იმ პოსტკრიზისულ ღონისძიებებთან დაკავშირებით,   რაც სახელმწიფომ უნდა გაატაროს იმისთვის, რომ სწრაფად მოახერხოს კერძო სექტორმა და ბიზნესმა ამ კრიზისიდან გამოსვლა, სწრაფად აკრიფოს, გაააქტიუროს ეკონომიკური საქმიანობა, გაზარდოს დასაქმება და მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან და წარმატებულ საწყის მდგომარეობას, რაც კრიზისამდე გვქონდა.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. http://economy.ge
  2. http://geostat.ge
  3. http://mof.ge

4. https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/coronavirus.html

5. https://idfi.ge/ge/pandemics_and_corruption_risks

6. https://forbes.ge/news/8184/koronavirusis-pandemia-mTel-msoflios-SesaZloa-4trilioni-dolari-daujdes

7. https://www.bpn.ge/